English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ იოსებ არჩვაძე
ფუნდამენტური ნაშრომი გლობალურ პროცესზე

(რეცენზია პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის მონოგრაფიაზე „გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა“, თბილისი, „ინტელექტი“, 2018, 287 გვ.) 

ქართულმა ეკონომიკურმა საზოგადოებამ ამ ცოტა ხნის წინ უაღრესად საინტერესო და საგულისხმო საჩუქარი მიიღო - დღის სინათლე იხილა  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის გამგის, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის მონოგრაფიამ „გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა“.

აკადემიური და არა მარტო აკადემიური წრის წარმომადგენლებისათვის კარგადაა ცნობილი ის პროცესი, რომელსაც გლობალიზაციას უწოდებენ და  ბოლო ათწლეულები ჩვენს თვალწინ  და ჩვენივე (ადამიანთა საზოგადოების) აქტიური თუ პასიური მონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა არც ისე ბევრი ავტორი დაიკვეხნის აღნიშნული ფენომენის შესახებ სისტემური აკადემიური კვლევით, მით უფრო, გლობალიზაციასთან დაკავშირებულ ფინანსური პრობლემების თეორიული განზოგადებით, შეფასებით და ხელისუფლებისათვის (იგულისხმება არა მარტო საქართველოს ხელისუფლება) სათანადო რეკომენდაციების მიცემით.

ყოველივე ეს წარმატებით, მისთვის ჩვეულ აკადემიურ სტილში განახორციელა ხსენებული მონოგრაფიის ავტორმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა.

ავტორი მთელი სიგრძე-სიგანით წარმოაჩენს გლობალიზაციის არსს, ბუნებას. ეკონომიკის გლობალიზაცია ნაშრომში მიჩნეულია გლობალიზაციის ზოგადი ფენომენის ქვაკუთხედად (გვ. 15). იგი გვაცნობს „ეკონომიკის გლობალიზაციის“ წარმოშობის ისტორიას, სხვადასხვა ავტორთა შეხედულებებს  მის სემანტიკაზე,  იმ პრინციპებს, რომლებსაც აღნიშნული ფენომენი ეფუძნება. ავტორი სამართლიანად უკავშირებს გლობალიზაციის პროცესს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, მათი ერთიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპად კი მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლასა და ამ სისტემაში შემავალი ქვეყნების პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციას მიიჩნევს. (გვ. 17). ავტორი აქცენტს აკეთებს გლობალური ეკონომიკის ნიშნებზე: რეალურ დროის რეჟიმში ფუნქციონირებადი მთლიანი სისტემა, დაფუძნებული თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, რომელიც აპრიორი გამორიცხავს სამეურნეო ცხოვრების ფრაგმენტაციას.

მეცნიერი აყალიბებს გლობალიზაციის უაღრესად პოზიტიურ და იმავე დროს, ნეგატიურ მხარეებს, იძლევა მათ სისტემურ დახასიათებას.

ერთი მხრივ, ღია ეკონომიკა მსოფლიოს ხალხებს, სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას გაცილებით სწრაფად ისარგებლონ მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევებით და გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობით, შრომის საერთაშორისო დანაწილების უპირატესობებით. გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპი, მიუხედავად საყოველთაო სარგებლობისა და დროის რეალურ რეჟიმში ინფორმაციის წვდომა-გადაცემისა, ეკონომიკური ოპერაციების განხორციელებისა და სხვა მრავალი უპირატესობისა, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, დღეს უკვე რეალობაა და მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიური ცხოვრების წესის ელემენტი და ატრიბუტია.

მეორე მხრივ, ეკონომიკის ღიაობა, მისი გლობალიზაცია  წინააღმდეგობრივი ხასიათის მატარებელიცაა, შეიცავს გარკვეულ რისკებსაც და ამ მხრივ დროულია ავტორისეული მინიშნება იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც უკავშირდება გლობალური ფინანსური კრიზისის ტალღას.

ავტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, აგრეთვე ტრანსნაციონალური კომპანიების  1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის (თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, არც ისტორიულ წიაღსვლებს ერიდება) მდიდარი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე იკვლევს გლობალური ფინანსური კრიზისის აღმოცენების მიზეზებს, განვითარების ლოგიკასა და შედეგებს. სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით მას განხილული აქვს მნიშვნელოვანი შიდა და გარე ფაქტორები, რომლებმაც მსოფლიო ეკონომიკას უბიძგეს გლობალური ფინანსური კრიზისისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ობიექტი თანამედროვე პირობებში გლობალიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური კრიზისებია, ავტორი აკეთებს ფართო ისტორიულ ექსკურსს უძველესი დროიდან დღემდე ამ ფენომენის ისტორიული წანამძღვრების, ეტაპებისა და ტექნოლოგიური საფუძვლების წარმოსაჩენად, სამართლიანად მიიჩნევს გლობალური მმართველობის არქეტიპის ძებნას კაცობრიობის ისტორიის სიღრმეებში (გვ. 24). იგი ხაზს უსვამს, რომ მასშტაბებით და რეზონანსულობით ისეთი კრიზისი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, ყველაზე ღრმაა 1929-1933 წლების „დიდი დეპრესიის“ სახელით ცნობილი კრიზისის შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური კრიზისის პირველი „საკონტროლო გასროლა“ აშშ-დან დაიწყო, ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ფაქტორებისა და გარემოებების ანალიზს, რომლებმაც ამერიკის (და შემდგომში უკვე მთელი მსოფლიოს) ეკონომიკა გლობალური ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. აღნიშნულის სადემონსტრაციოდ მას  მოჰყავს ფინანსური რესურსების „გადაქაჩვა“ სამშენებლო სექტორში, ფედის საპროცენტო განაკვეთის შემცირების გავლენით ბინებზე ფასების გრძელვადიანი (თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, არა უსასრულო)  ზრდა. ბინებზე ფასების ზრდის პერსპექტივით „ხიბლში  ჩავარდნილი“ ამერიკის მოსახლეობა იღებდა იპოთეკით დატვირთულ სესხებს, რომლებმაც 2-ჯერ და მეტად გადააჭარბეს ამ ქვეყნის მსპ-ს, ხოლო შინამეურნეობათა ხარჯები, აღებული კრედიტების „წყალობით“, 10 პროცენტით აღემატებოდა მათსავე შემოსავლებს  (გვ. 145). ბაზრის გაჯერება ბინებით, მათზე ფასების შემცირება ზრდის ნაცვლად და ბანკებისათვის იპოთეკური დერივატივების გზით „საკრედიტო მხარის“ მეტისმეტ დაგრძელებას მოჰყვა ის, რომ კრიტიკულ მომენტში მოხდა საფინანსო სექტორის განმუხტვა და დომინოს პრინციპით, ჯერ კიდევ „გუშინ“ კომერციულად მომგებიანი იპოთეკური დერივატივები „ტოქსიკურ დერივატივებად“ გადაიქცნენ. 

კრიზისის გამომწვევ მეორე, გარე ფაქტორის მაგალითად ავტორს მოყავს აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის ზრდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან და ჩინეთთან, საიდანაც ამ უკანასკნელთა ხელში აღმოჩენილი სავალუტო რესურსების დიდი ნაწილის დაბანდება ხდებოდა აშშ-ში, თუმცა არა რეალურ, არამედ, როგორც წესი, საფინანსო სექტორში. ავტორი, ასევე კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკის ზედმეტ დერეგულირებას მიიჩნევს, რომელსაც 1970-იან წლებში ეკონომიკის ლიბერალიზაციის პრინციპის სახელით ჩაეყარა საფუძველი და  XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე ლიბერტარიანიზმის  იდეოლოგიის სახით მოევლინა მსოფლიოს.  

მონოგრაფია „დახუნძლულია“ უაღრესად მდიდარი, მაღალი შემეცნებითი და გამოყენებითი ღირებულების სტატისტიკით იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გლობალური ფინანსური კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე (მსპ, ეკონომიკური ზრდის ტემპი, უმუშევრობის დონე, ინვესტიციები და ა.შ.), აგრეთვე იმ დანაკარგების (ზარალის) მასშტაბებზე, რაც გამოიხატა კრიზისის შედეგად აქტივების, უძრავი ქონების ღირებულებისა და საფონდო კაპიტალის დანაკარგებით. ყოველივე ეს  მთლიანობაში კიდევ უფრო საინტერესოსა და აღქმადს ხდის ნაშრომს.

ავტორი კრიზისის ნეგატიურ მხარეს მხოლოდ ეკონომიკისა და ფინანსების სფეროთი არ შემოფარგლავს. იგი სამართლიანად აღნიშნავს, რომ მისი მეტასტაზები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც - პოლიტიკურს და სოციალურს - სწვდება და აზიანებს.

ფინანსური ურთიერთობებისა და მის შედეგად წარმოქმნილ კრიზისებს იგი განიხილავს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტშიც;  ყურადღებას ამახვილებს არარაციონალური ქცევის იმ ნეგატიურ შედეგზე, როცა იგი ხდება „ბაზრის ფსიქოლოგიის“ „ჯოგური ინსტინქტით“, გადაჭარბებული მოლოდინებით ქცევის მოქმედების საფუძველი (134-135). ავტორი აღნიშნული მიდგომის საწყისებს სამართლიანად ხედავს ა. სმიტის, ჯ. კეინსისა და სხვა ცნობილი ეკონომისტების შემოქმედებაში.

გლობალიზაციის და მასთან დაკავშირებული ფინანსურ კრიზისებს ავტორი უკავშირებს ეკონომიკის ფინანსებიზაციის ზრდას, იმ „გამოდევნის ეფექტს“, რომლითაც ინვესტორები, აძლევენ რა უპირატესობას ფინანსების სფეროს, შესაბამის რესურსებს აკლებენ რეალურ სექტორს და ამით აკნინებენ ამ სექტორის როლს ეკონომიკაში, რის შედეგადაც კრიზისებისა და რეცესიებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან. ამის გამო ეკონომიკაში ბოლო ათწლეულებია მცირდება რეალური სექტორის და იზრდება ფინანსური სექტორის წილი, რომელზეც მსპ-ს მატების სულ უფრო მზარდი ნაწილი მოდის. სადემონსტრაციოდ ნაშრომში მოყვანილია მრავლისმეტყველი მაგალითი, თუ როგორ ჩაანაცვლა სულ რაღაც 14 წლის მანძილზე (1993-2007 წწ.) პირველ ათეულში ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიიდან მატერიალური წარმოების სფეროში ოპერირებული კომპანიები ფინანსურმა კომპანიებმა. (გვ. 93).

ავტორი კარგად ამჩნევს ბოლო პერიოდში მიმდინარე იმ პროცესებს, რომლებმაც სერიოზული გამოწვევები მოუწყვეს გლობალიზაციას: ნაციონალიზმის აღზევება, პროტექციონისტული ზომების გატარება ცალკეული სახელმწიფოების მიერ, ბრექსიტი და ა.შ; სიღრმისეულად განიხილავს შესაბამისი პოლიტიკური ძალებისა და პერსონების შეხედულებებს. სკეფსისის ზრდას გლობალიზაციის პროცესისადმი ის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებაში ხედავს. იგი ხატოვნად, გლობალური ეკონომიკის თანამედროვე კონსტრუქციას გადაბრუნებულ პირამიდას ადარებს და ამით ხსნის მის მზარდ მოწყვლადობას სხვადასხვა შოკებისადმი (გვ. 43). ავტორი აქცენტირებას აკეთებს აგრეთვე ცხოვრების დონის დაქვეითებაზე არა მარტო განვითარებად, არამედ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც (გვ.37).

თავისი პოზიციის გასამყარებლად პროფ. ე. მექვაბიშვილი  ხშირად იშველიებს ავტორიტეტული მეცნიერების მოსაზრებებს, რომელთა შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები ჯ. სტიგლიცი, რ. შილერი, ჰ. ბეკერი, მ. ალე  და სხვები. მათი შეხედულებების ანალიზით ის ცდილობს ახსნას, თუ რატომ ვერ შეძლეს მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროული პროგნოზირება, რა იდეოლოგიური ჩარჩოები და შეხედულებები უზღუდავდა მათ აღნიშული შესაძლებლობების დანახვას, რატომ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ნეოკლასიკურ თეორიებზე დაფუძნებული „საბაზრო ფუნდამენტალიზმის“ იდეოლოგია მცდარი. ამ უკანასკნელის კომპონენტებად ავტორი გამოჰყოფს კაპიტალისტური ეკონომიკის არაისტორიულ კონტექსტში განხილვას და ბაზრის ყოვლისშემძლეობაში  ურყევ რწმენას (გვ. 76-77). თავად ამ თეორიას ავტორი შინაარსით სტატიკურს უწოდებს, რის გამოც აღნიშნულმა თეორიამ ვერ მოახერხა კრიზისებზე რეალისტური წარმოდგენის ჩამოყალიბება.

საინტერესოდაა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე (აშშ, გერმანია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და სხვ.) განხილული სახელმწიფოს როლი ფინანსური კრიზისების დაძლევაში, ის ფასი (მათ შორის ამ მიზნით გადასროლილ სახელმწიფო რესურსების კონკრეტულ რიცხვებში გამოხატული), რაც საზოგადოებას უჯდება კრიზისების დაძლევა; განხილულია ის გაკვეთილები, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა გამოიტანეს გლობალური კრიზისიდან და გამახვილებულია ყურადღება შემდგომში აღნიშნული კრიზისის თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებსა და მიმართულებებზე: რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, მისი აქცენტირება, მსახურება ადამიანზე და არა ფინანსურ კაპიტალზე და სოციალური საბაზრო ეკონომიკის საყოველთაო გავრცელება (გვ. 177-178).

აღსანიშნავია, რომ ავტორი, როგორც თეორიული მკვლევარი, არ შემოიფარგლება პოსტკრიზისული მდგომარეობის, გამოწვევებისა და საფრთხეების, ან თუნდაც დასახული ღონისძიებების აღწერით. იგი ამ კრიზისის შედეგების და მისი დაძლევის მწყობრ თეორიულ განზოგადებას იძლევა მოქმედი საზოგადოებრივი ძალებისა და ინსტიტუტების როლზე, ფუნქციებზე და სამერმისო სამოქმედო არეალსა თუ ვექტორებზე. საფრთხეებიდან იგი გამოყოფს „ზომბი-ეკონომიკას“ - ეკონომიკის არასიცოცხლისუნარიან ნაწილს, რომელიც ცდილობს არსებობა სახელმწიფოსაგან მიღებული დახმარების ხარჯზე გაიხანგრძლივოს. ბუნებრივია, ამ ასპექტში განსაკუთრებით ყურადსაღებია სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკის რეგულატორის შესაძლებლობები, სტრატეგიული ამოცანები, მასშტაბები და ზღვარი, როდესაც ასეთი ნაბიჯები უზრუნველყოფენ იმ მომენტში კონკრეტული ფირმებისა და ცალკეულ შემთხვევაში, დარგების გადარჩენასაც კი. არიან თუ არა ეს ღონისძიებები გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღები და უნდა იქცნენ თუ არა ისინი სახელმწიფოსათვის უცილობლად სამოქმედო წესად? როგორი იქნება ამაზე მსხვილი კორპორაციების, ზოგადად სახელმწიფო დახმარების შედეგად გადარჩენილი კომპანიების მოქმედების ალგორითმი? ავტორი სამართლიანად სვამს არარიტორიკულ კითხვას: ხომ არ გაუჩნდებათ ასეთ კომპანიებს იმის განცდა, რომ ამიერიდან ყოველი კრიზისის დროს სახელმწიფო  მათ დახმარების „მაშველ რგოლს“ გადაუგდებს და ხომ არ გამოიწვევს დახმარების სახით გამოყოფილი ფინანსური სახსრების  მათ მიერვე არამიზნობრივ ხარჯვას? - ამ კითხვებს აქვთ ლეგიტიმური ხასიათი და ავტორს მოჰყავს მაგალითები, როდესაც დახმარების მიღების შემდეგ კომპანიებიდან დიდძალი სახსრების გადაქაჩვა ხდებოდა საზღვარგარეთული ბანკების კერძო ანგარიშებზე (გვ. 208-210).  

ნაშრომის ფასეულობას მნიშვნელოვანწილად ზრდის ის გარემოება, რომ მისი ავტორი, როგორც ეკონომიკური თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, არ შემოიფარგლება კრიზისის ანალიზის ტექნიკურ ასპექტებზე, სცდება, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, საკითხისადმი ტექნოცენტრულ მიდგომას და ფინანსური კრიზისის პრობლემას სისტემურ-ცივილიზაციური კრიზისის პირდაპირ გამოვლენად განიხილავს. ამასთან, იგი ხელმძთვანელობს არა „წმინდა თეორიის“ პრინციპებით, არამედ ეფექტიანად იყენებს არსებულ კონკრეტულ მონაცემებს, ამა თუ იმ კონკრეტულ მოვლენასა თუ პროცესს საკუთარი შეხედულებების განსამტკიცებლად.

ნაშრომის  აკადემიურობას ზრდის ისიც, რომ თავისი შეხედულებების დემონსტრირებისათვის ავტორი ფართოდ იყენებს არა მარტო თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების, არამედ წინა საუკუნეების ეკონომისტების შრომებსაც. ამით იგი იცავს ისტორიზმისა და დიალექტიკის პრინციპებს, პარალელებს ავლებს მეცხრამეტე საუკუნისა და თანამედროვე ეკონომიკის მდგომარეობას შორის. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ „თანამედროვე ფინანსური კაპიტალის უმეტესი ნაწილი შეიძლება მიჩნეულ იქნას კ. მარქსის ეპოქის ფიქტიური კაპიტალის პირდაპირ მემკვიდრედ“. (გვ. 111).

მეცნიერი არ ჩერდება გლობალურ კრიზისთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. იგი ავითარებს აზრს პოსტკრიზისული პერიოდისა და მომავლის ეკონომიკის კონტურებზე; აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ბოლო ფინანსური კრიზისის მწარე გაკვეთილების საფუძველზე სულ უფრო მეტი ეკონომისტი ემხრობა ლიბერალური ეკონომიკიდან სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის მოდელის ფორმირებას. ავტორი ახდენს არა მხოლოდ ამ ფაქტის კონსტატირებას, არამედ იძლევა ეკონომიკური განვითარების ახალი თეორიული მოდელის დამახასიათებელ ნიშნებსაც. ეს მთელი აკადემიურად მაღალ დონეზე მომზადებული ნაშრომის განსაკუთებით საინტერესო და საგულისხმო ნაწილია, რადგანაც შესაბამის თეორიულ სისტემატიზებულ პოსტულატებს   მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი თეორიული დატვირთვისაა, მას წითელ ზოლად გასდევს გლობალური ფინანსური კრიზისის  საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესწავლა, ის ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა და ახორციელებს გლობალური კრიზისის ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედების გასანეიტრალებლად. ავტორი გვთავაზობს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებას, კულტურას, ტრადიციებს და მათ გაერთიანებას ინოვაციურ ფენომენთან.

უაღრესად საგულისხმოა ნაშრომის პასაჟები საქართველოს ინსტიტუციური ერთეულების (ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობა) ძალისხმევასა და ურთიერთობებზე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გლობალური ფინანსური კრიზისისაგან ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად.

სერიოზულ საფრთხედ ფინანსური სტაბილურობის მხრივ საქართველოსათვის ავტორი მიიჩნევს  „ლიკვიდობის ხაფანგს“, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქვეყნის საბანკო სექტორისთვის. აღნიშნული პრობლემა საბოლოო ჯამში ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებაში გამოვლინდა.

ამასთან, პირდაპირ გავლენაზე საუბარი საკმაოდ რთულია, რადგანაც 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომმა უდიდესი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, მეორე მხრივ კი იმ წელს დონორთა მიერ გამოყოფილმა სახსრებმა ფინანსური კრიზისისა და საომარი მოქმედებებით მიყენებული ზარალის სერიოზული ამორტიზირება  უზრუნველყო.  

ავტორს განხილული აქვს საქართველოს პერსპექტიული ეკონომიკური განვითარების მოდელის ცალკეული ასპექტებიც. იგი შემდეგნაირად აყალიბებს საგარეო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინოვაციური მეტამოდელის ამოცანას: „მაღალ ტექნოლოგიებზე, მეცნიერების მიღწევებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ამ გზით საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ეფექტიანი ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში“. (გვ. 242) ავტორი გულუხვად გვიზიარებს აღნიშნული ამოცანის რეალიზაციის ძირითად მიმართულებებს, გადასაწყვეტ ტაქტიკურ ამოცანებს, აგრეთვე შესაბამის რისკებს, გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც ემუქრებიან ამ სტრატეგიული ამოცანის წარმატებით გადაჭრას.

აღნიშნული მონოგრაფია, ერთმნიშვნელოვნად, თეორიული  ნაშრომია, ეს კი მოითხოვს დიდძალი შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვას, რასაც ავტორი ჩვეული აკადემიზმით ახორციელებს. ნაშრომი ახდენს ავტორის ინტელექტისა და მეცნიერული კვლევის, განზოგადების მაღალ დონეს, ეყრდნობა რა არა მარტო ეკონომისტების, არამედ ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების შრომებს. მას ყურადღების მიღმა არ რჩება საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეებში ნაშრომის ცენტრალურ ხაზთან დაკავშირებული წიაღსვლებიც. 

მართალია, თანამედროვე  ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას არ აკლია სერიოზული მკვლევარები, მაგრამ მათ შორის ბევრი არაა, რომლებიც ეკონომიკური პროცესების აღწერილობების მიღმა ამჩნევენ ზოგად კანონზომიერებს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ახდენენ აღნიშნული პროცესების თეორიულ განზოგადებას, მათ დანახვას პერსპექტივაში, და, რაც მთავარია, იძლევიან რეკომენდაციებს ნეგატიური შედეგების ასარიდებლად.  პროფ. ე. მექვაბიშვილის მონოგრაფია სცდება აკადემიური, თეორიული ნაშრომის ფარგლებს და იგი ფაქტორივად სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ პირთათვის, შესაბამისი ინსტიტუტებისათვის, დროულ სამახსოვრო და გამაფრთხილებელ, გასათვალისწინებელ, სარეკომენდაციო  შინაარსის მქონე ნაშრომსაც წარმოადგენს. 

არ შეიძლება არ ითქვას აღნიშნული მონოგრაფიის შემეცნებითი და გამოყენებითი ღირებულების გამაძლიერებელ კიდევ ორ ფაქტორზე: თხრობის მარტივი, გასაგები სტილი (ეკონომიკის შესწავლით დაინტერესებულ „დამწყებ“ მკითხველისთვისაც კი) და მდიდარი სტატისტიკური  მასალა, რომელიც მისი თითოეული დასკვნის, შეფასებისა და ხედვის ობიექტურობას ამყარებს. მონოგრაფიის ცალკეული პარაგრაფები, მთელი რიგი პასაჟები პირდაპირ შეიძლება იქნას გამოყენებული ეკონომიკის პრინციპების, მაკროეკონომიკის, საქართველოს ეკონომიკის და ეკონომიკური ისტორიის, აგრეთვე სხვა სასწავლო დისციპლინების ცალკეული თემების სწავლებისა და პრაქტიკული (სასემინარო) მეცადინეობების ჩატარებისას. ამ მხრივ განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს ავტორის მიერ ცალკეული ქვეყნების მიხედვით ფინანსური კრიზისის მახასიათებელი გარემოებების (წანამძღვრების, „გამშვები“ მექანიზმის, შეცდომების, გავრცელების არეალისა და აგენტების მოქმედების) სისტემატიზაცია (გვ. 70), რაც მკითხველს უადვილებს გაერკვეს აღნიშნული კრიზისების როგორც საერთო ბუნებაში, ისე მისი თავისებურებების გარკვევაში.

უაღრესად ფასეული და გასათვალისწინებელია მეცნიერის საპროგნოზო ვარაუდი მომავალი კრიზისების პერიოდისა და სიმძლავრის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი ეკონომიკა, რა ფასეულობებსა და ძალებზე უნდა იყოს ის ორიენტირებული. ავტორი პიროვნულადაც ოპტიმისტია და ეს კარგად ეტყობა მისი ნაშრომის სტილსა და დასკვნებს. იგი არა თუ არ გამორიცხავს, არამედ დარწმუნებულია საბაზრო ეკონომიკის უკრიზისო განვითარების შესაძლებლობაში, რის დასტურადაც აყალიბებს „მომავლის ეკონომიკის“ ელემენტებს და უზიარებს მათ საზოგადოებას.

ყოველი აღნიშნულის გათვალისწინებით, პროფ. ე. მექვაბიშვილის ნაშრომი, როგორც მნიშვნელოვანი შენაძენი, საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური საკითხებით (და არა მარტო აღნიშნული ასპექტებით) დაინტერესებული მეცნიერ-მკვლევარების, პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამუშაო მაგიდაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ნაშრომის თემატიკა გლობალური მასშტაბით მრავალი ქვეყნის ინტერესების ცენტრშია მოქცეული, მიზანშეწონილი იქნებოდა მისი თარგმნა და გამოცემა ინგლისურ ენაზე. - მართალია, მონოგრაფიას თან ახლავს არც თუ მცირე ზომის ინგლისური რეზიუმე   (11 გვერდზე), მაგრამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პრობლემის განხილვისა და შეფასების კომპლექსური ხასიათი, რეკომენდაციები გლობალიზაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ახალი ფინანსური კრიზისისაგან თავდასაცავად, ობიექტურად ითხოვს მის თარგმნას და გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით. - ავტორის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები გაცილებით შედეგიანი იქნება, თუკი მას არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და საქმიანი წრეები გაითვალისწინებენ.  ესეც გლობალიზაციის ერთ-ერთი დამდგარი შედეგი და კანონზომიერი პირობაა!

                                                                                                                                                   იოსებ არჩვაძე 

ეკონომიკის დოქტორი, 

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი